უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის გაგრძელების მიზეზი რუსეთის ხელმძღვანელობის უარი და ომის გაგრძელების სურვილია.
„რუსეთს უკვე დიდი ხანია აქვს შესაძლებლობა, დიპლომატიას მიმართოს და დაასრულოს საკუთარი აგრესია. სწორედ რუსეთის ხელმძღვანელობის უარი და ომის გაგრძელების სურვილია იმის მიზეზი, რომ ომი კვლავ გრძელდება. მხოლოდ წელს ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთს ომის შეჩერების წინადადებით. პასუხად კი მხოლოდ უარი მივიღეთ“, - განაცხადა მან საღამოს ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორები ცდილობენ დაეხმარონ აშშ-ის, თურქეთის, ევროპული ქვეყნების და არაბული სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის ორგანიზებაში, თუმცა, მისი თქმით, „პუტინს ომის დასრულების სურვილი არ აქვს“.
ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის მიერ განხორციელებული შორი დისტანციის დარტყმების შედეგებზე და მათ რუსეთის ომისა და უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების „სამართლიან პასუხად“ შეაფასა.
„დღეს დარტყმები განხორციელდა მოსკოვის მახლობლად, ასევე ტამბოვის ოლქში. ეს არის რუსეთის ლოგისტიკა, კერძოდ, საწყობები, საიდანაც მიეწოდებოდა თავისუფალი ნავიგაციის აღჭურვილობის საშუალებები, დრონების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები და სხვა მარაგები რუსეთის არმიისთვის“, - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინულმა იარაღმა ასევე დააზიანა კიდევ ერთი ნავთობის ობიექტი და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში არსებული სამიზნეები.
„ჩვენი ოპერაცია მნიშვნელოვანია. იქნება მეტი. იქნება მეტი საშუალება შორი დარტყმებისთვის. შორ მანძილზე მოქმედი "სანქციების" გეგმაც საკმაოდ რიტმულად სრულდება“, - განაცხადა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, უპილოტო სისტემების ძალებს, სპეციალური ოპერაციების ძალებს, სადაზვერვო სამსახურებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, საგარეო დაზვერვის სამსახურს, სარაკეტო ჯარებსა და არტილერიას, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს.