„არასოდეს შეეგუოთ ოკუპაციას“, - ამის შესახებ შუშის გლობალურ მედიაფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო გორდონის კითხვის პასუხად განაცხადა.
„არ ვფიქრობ, რომ უკრაინელ ხალხს ან უკრაინის ხელმძღვანელობას ჩემი რჩევა სჭირდება. თუმცა, დღესაც იგივე რეკომენდაციას გავიმეორებდი: არასდროს შეეგუოთ ოკუპაციას.
სწორედ ამას აკეთებს უკრაინა. ის არ აღიარებს ოკუპაციას, მიუხედავად გასული წლის განმავლობაში არსებული ძალიან რთული პერიოდებისა.
ჩვენ ვხედავდით გარკვეული წრეების მხრიდან ზეწოლას, რათა ბრძოლა შეწყვეტილიყო იმ პირობით, რაც ფაქტობრივად ოკუპაციის დაკანონებას ნიშნავდა. თუმცა, არც უკრაინელი ხალხი და არც ქვეყნის ხელმძღვანელობა ამას არ დათანხმდა.“ - განაცხადა ალიევმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. არცერთი სახელმწიფოს საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან ამ ქვეყნის ხალხის თანხმობის გარეშე. ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია თანმიმდევრული და მტკიცეა.
რაც შეეხება უკრაინელ ხალხს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დავეხმაროთ მათ. არ მსურს ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ამას რეკლამისთვის არ ვაკეთებთ. ეს ასევე გულიდან წამოსული ნაბიჯია. დახმარებას მხოლოდ სახელმწიფო არ ახორციელებს - ამ საქმეში ერთვებიან რიგითი მოქალაქეებიც და კერძო კომპანიებიც. ეს საყოველთაო სოლიდარობის მაგალითია.
ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დავუჭიროთ ადამიანებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის წინაშე დგანან“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.