ანკარაში დღეს ნატო-ს სამიტი გაიხსნება.
ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერებს შორის იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. როგორც Reuters აღნიშნავს, სამიტის მთავარი ფონი იქნება ტრამპის ზეწოლა ევროპაზე, რათა ქვეყნებმა თავდაცვაზე ხარჯები გაზარდონ, ასევე აშშ-სა და ალიანსის სხვა წევრებს შორის თვეების განმავლობაში არსებული დაძაბულობა, მათ შორის გრენლანდიასა და ირანში მიმდინარე ომის საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც მოსალოდნელია, ნატო-ს ქვეყნები სამიტზე ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვითი ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევაზე, თავდაცვის საწარმოების წარმოების გაზრდასა და იმაზე, თუ როგორ „გადაიტანონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთი“ აშშ-დან ევროპაზე.
ევროპელი ლიდერები შეეცდებიან დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, რომ შეასრულებენ 2025 წელს ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გაცემულ დაპირებებს და ვალდებულებას - 2035 წლისთვის თავდაცვაზე ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ.
კერძოდ, სამიტის საბოლოო დეკლარაციის პროექტში, რომელსაც Reuters-ის ჟურნალისტები გაეცნენ, აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები დაადასტურებენ, რომ კანადასთან ერთად მათ თავდაცვაში ინვესტიციები 139 მილიარდი დოლარით გაზარდეს და პირობას დადებენ, რომ „ალიანსის თავდაცვაზე უფრო დიდ პასუხისმგებლობას“ აიღებენ.
ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, სამიტს, როგორც მოსალოდნელია, ასევე დაესწრებიან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია ლი ჯე მიონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.