აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.
როგორც ალიევი წერილში აღნიშნავს, აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად მშვიდობიანად ცხოვრობენ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მადლობას გიხდით იმ დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც მუდმივად იჩენთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაძლიერების მიმართ.
დარწმუნებული ვარ, რომ თებერვალში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელმაც ჩვენი ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ეკონომიკის, ენერგეტიკის, დაკავშირებულობისა და უსაფრთხოების ტრადიციულ სფეროებში, ისე ციფრული ტრანსფორმაციის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში.
ჩვენ ასევე დიდად ვაფასებთ თქვენს მტკიცე ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დღის წესრიგის ხელშეწყობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
გასული წლის 8 აგვისტოს, თქვენი ინიციატივით, თეთრი სახლიში გამართული ისტორიული სამმხრივი შეხვედრის შედეგებმა ჩვენს რეგიონში სრულიად ახალი, პოზიტიური გარემო შექმნა. დღეს აზერბაიჯანი და სომხეთი მშვიდობიან პირობებში ცხოვრობენ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებენ.
ამასთან, განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო თქვენი ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერა რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ მიმართული ინფრასტრუქტურული პროექტების, განსაკუთრებით კი „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ განხორციელებისადმი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიულ, საიმედო და უსაფრთხო კავშირს უზრუნველყოფს“, - აღნიშულია წერილში.