ევროკავშირმა რეგიონული ურთიერთკავშირის განვითარების მიზნით მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართა ანკარაში, ბაქოსა და ერევანში.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.
„ახლახან დავბრუნდი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, სადაც ურთიერთკავშირის განვითარების მიმართულებით ჩვენი მუშაობა ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ. ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებას და, ამავე დროს, ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციას. გაფართოება და დაკავშირებულობის განვითარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ორივე მათგანი ევროპის სტაბილურობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა კოსმა.
შეგახსენებთ, რომ 1-2 ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენი და მარტა კოსი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვივნენ.