ხვალ, 19 თებერვალს, გუდაურში ვაჟთა და გოგონათა შორის გიგანტურ სლალომში "სათხილამურო რომპეტროლიადა" გაიმართება. შეჯიბრება 13:00 საათზე დაიწყება. მას საზეიმო ვითარებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისრტოსა და რომპეტროლის ხელმძღვანელები გახსნიან.
სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" დააზღვევს. ტურნირის დროს გაიმართება "რომპეტროლ საქართველოს" მიერ საგანგებოდ სპორტული ღონისძიებებისას განწყობის ამაღლებისთვის შექმნილი "ახალგაზრდული ჰიმნის" პრეზენტაცია. ახალი სიმღერით ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად წარდგება ახლად შექმნილი ჯგუფი "ფიქსი". ენერგიულ დღეს კი "გუდაური მიუზიქ ჰოლში" ხალისიანი საღამო და გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დაასრულებს.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინფორმაციით, სტუდენტები 42 უმაღლესი სასწავლებლიდან "სათხილამურო რომპეტროლიადაში" მონაწილეობის მისაღებად გუდაურში 18 თებერვალს გაემგზავრნენ.
საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის და კომპანია "რომპეტროლ საქართველოს" მხარდაჭერით, შეჯიბრებისთვის ე. წ. "კუდებზე" მომზადდა სათხილამურო ტრასა და შეიქმნა პირობები, რომ სტუდენტებმა მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.
კომპანია რომპეტროლისთვის ახალგაზრდული სპორტის განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომპანია ყოველთვის ცდილობს წაახალისოს სტუდენტები ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ და შეუქმნას მათ შესაბამისი მოტივაცია.
"როგორც მოსალოდნელი იყო, სპორტის ზამთრის სახეობებმა სტუდენტებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. რაც მთავარია, ამ ტურნირის გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობები უფრო ფართო ასპარეზზედაც გამოცადონ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტურნირი სტუდენტებისთვის ზეიმად იქცეს და გუდაურიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ", - აცხადებს "რომპეტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
საუნივერსიტეტო სპორტის მხარდამჭერი, ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი "რომპეტროლ საქართველოსა" და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას შორის 9 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, რომპეტროლი 2010-2011 წლების განმავლობაში დაგეგმილი ყველა საუნივერსიტეტო სპორტული აქტივობის მხარდამჭერი იქნება და ამ ხნის განმავლობაში ყველა შეჯიბრება "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სახელს ატარებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუტსალში "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" ჩემპიონი გამოვლინდა. 11 თებერვალს, 2-თვიანი დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, ფუტსალში, "საუნივერსიტეტო რომპეტროლიადის" სტუდენტური ლიგის ჩემპიონი გუნდი გამოვლინდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტდარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა, "სეუ"-მ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაძაბულ შეხვედრაში 3:2-ით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.