სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 150 მლნ-ის გამოყოფაზე ფინანსთა სამინისტროში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დარგისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა ბიუჯეტში ცვლილებებს არ საჭიროებს.
"ამ ეტაპზე ბიუჯეტში ცვლილების შეტანა საჭირო არაა. აღნიშნული თანხის მოძიება ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლიდან განხორციელდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 40 მლნ. სამინისტრის ბიუჯეტში უკვე დევს და დამარებითი თანხის მოძიებაც უახლოეს ხანებში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობაში 150 მლნ ლარს ჩადებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.
"უნდა შევქმნათ გრძელვადიანი გარანტიები დარგის განვითარებისთვის და მასში სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ეს არის ჩვენი პასუხი მსოფლიო ინფლაციაზე. 30 მილიონი პირდაპირი სახით და 150 მილიონი იმისთვის, რომ ახალი გადამამუშავებელი ქარხნების შექმნა და ასორტის გადახალისება წელსვე დაიწყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის სოფლის მეურნეობა დღევანდელ ნიშნულთან შედარებით იქნება მინიმუმ გაორმაგებული, ასევე სოფლის მეურნეობის ეროვნულ ნაწარმის ექსპორტი და საქართველოში ღვინის წარმოება 50 მილიონ ბოთლამდე გაიზრდება.
"უმუშევრობა არის ჩვენი განვითარების მთავარი შემაფერხებელი მომენტი. გაგვყავს რკინიგზის ხაზები, ვაგრძელებთ საქართველოს გაზიფიკაციას, ამის საფუძველზე გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ამის გარეშე ეკონომიკურ წარმატებაზე ოცნებაც კი შეუძლებელია", - აღნიშნა სააკაშვილმა.