საჭიროა, განვსაზღვროთ, რამდენად ღრმად შეიძლება ინტეგრირდეს უკრაინა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
ევროკომისარმა განაცხადა, რომ ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება საუბარი პირველი მოლაპარაკების კლასტერზე, რომელიც 15 ივნისს ლუქსემბურგში დაგეგმილ მთავრობათაშორის კონფერენციაზე გაიხსნება.
„მნიშვნელოვანია ახლა გაიხსნას პირველი კლასტერი, ხოლო შემდეგ იმედი მაქვს ივლისის შუა რიცხვებში კიდევ ხუთი [გაიხსნება]… ახლა აბსოლუტური პრიორიტეტია ყველა კლასტრის გახსნა,“ - განაცხადა კოსმა.
კოსმა აღიარა, რომ ე.წ. „უკუ-გაფართოების“ (reverse enlargement) მიდგომა, რომელსაც ადრე ევროკომისია უჭერდა მხარს, საბოლოოდ უარყოფილი იქნა წევრი ქვეყნების მიერ. გარდა ამისა, ამჟამად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აირჩიეს შუალედური მოდელი, რომლის მიხედვითაც კანდიდატი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა, შეძლებენ მიიღონ წევრობის მსგავსი სარგებელი სრულ გაწევრიანებამდე.
მისი თქმით, ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი თავად უკრაინაა და იმ ქვეყნების სურვილი, რომლებიც მის გაწევრიანებას მხარს უჭერენ.
სწორედ ამას ეხებოდა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა უკრაინისთვის სპეციალური ფორმატის შექმნის შესახებ.
„როდესაც უკრაინაში მშვიდობა იქნება მიღწეული, ძალიან სერიოზულად დადგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ის იქნება განხილვის ცენტრში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მანამდე ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა მოვიქცეთ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით - როგორ მოვახდინოთ უკრაინის უფრო ღრმა ინტეგრაცია ევროკავშირში. თუ ამას ვერ გადავწყვეტთ, ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს,“ - განაცხადა ევროკომისარმა
მისი თქმით, საჭიროა გაირკვეს, ევროკავშირის რომელ სფეროებში შეიძლება უკრაინის უფრო ღრმა ინტეგრაცია სრულ წევრობამდე, რის გამოც ის აქტიურად თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან.
„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ლიდერების განხილვების საბოლოო შედეგი, მაგრამ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ რომელი ვარიანტიც არ უნდა აირჩიონ, მის ცენტრში იქნება სამართლის უზენაესობის საკითხი,“ - აღნიშნა კოსმა.
მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი შეეცდება შეთანხმებების ჩაშლას.
„რაც უფრო ახლოს მივალთ გაწევრიანებასთან, მით უფრო გაძლიერდება უკრაინააზე რუსეთის თავდასხმა და როცა ვამბობ ‘თავდასხმას’, ვგულისხმობ არა მხოლოდ სამხედრო ასპექტს,“ - დასძინა კოსმა.