სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს მოკავშირე ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებასთან, რაც ორი დღის წინ ჰილარი კლინტონის მონაწილეობით გამართულმა ტელეხიდმაც დაადასტურა.
"ეგვიპტის მოვლენებმა აშშ აიძულა, თავის პოლიტიკაში ცვლილებები შეეტანა. დემოკრატ ბარაკ ობამასა და ჰილარი კლინტონს ეს საკითხი კარგად ესმით, რადგან თავად სამოქალაქო საზოგადოებიდან აღმოცენდნენ. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელნი იყვნენ,"_აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.
ექსპერტის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით, ამერიკა პარტნიორ ქვეყნებშიAსტაბილური დემოკრატიის მიღწევას შეეცდება. ეს კი აშშ-ის ინტერესშია, რადგან არასტაბილური პარტნიორი არავის სურს.
სესიაშვილის თქმით, ჰილარი კლინტონის მესიჯია, რომ ამერიკა ამიერიდან ვეღარ დაეყრდობა პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებებს. "აშშ-მ რეალურად დაინახა, რომ შესაძლოა, მათი პარტნიორობა ხელისუფლებასთან კრახით დასრულდეს",_აცხადებს ექსპერტი.
"ეგვიპტის წარმომადგენელმა გააკრიტიკა აშშ, რომ ის უფრო მეტად თანამშომლობდა ეგვიპტის ხელისუფლებასთან, დაფინანსებასაც მათ უგზავნიდა, რამაც ამ ქვეყანაში კრიზისი გამოიწვია. ეს ტალღა კი სხვა სახელმწიფოებსაც გადაედო,"_აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.