უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უარი, დათანხმებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, კრემლის ლიდერისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება.
სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ რუსებისთვის კარგი ამბები არ არის.
„პრეზიდენტ ზელენსკის წინადადების უარყოფით, რომელიც პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ითვალისწინებდა, პუტინმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, თავი დაეღწია ამ მისთვის წარუმატებელი ომისთვის“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მისი შეფასებით, რუსეთისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, რადგან ფრონტზე დანაკარგები მუდმივად გაიზრდება, ხოლო მარცხები სულ უფრო მტკივნეული და დამამცირებელი გახდება.
„ეკონომიკა კიდევ უფრო ღრმა რეცესიაში შევა. დაიკარგება მეტი სამუშაო ადგილი, გაიზრდება გადასახადები, ხოლო ინფლაცია ყველაზე მძიმედ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს დააწვება“, - განაცხადა სიბიჰამ.
ამასთან, მინისტრის თქმით, რუსეთში აღარ არსებობს უსაფრთხო ადგილები, რომლებიც უკრაინის შორი მოქმედების „სანქციების“ მიღმაა და მათი ინტენსივობა მხოლოდ გაიზრდება.
სიბიჰას განცხადებით, საერთაშორისო ზეწოლაც არ შესუსტდება - პირიქით, ის კიდევ უფრო გამკაცრდება. მისი თქმით, ეს მოიცავს გაყინული აქტივების გამოყენებას, მოგზაურობის შეზღუდვებს და ომისა თუ სხვა დანაშაულებისთვის გარდაუვალ პასუხისმგებლობას.
„ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კრემლის ფანატიკოსი ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას და მზად არის საკუთარი ქვეყნის მომავალი გაწიროს, ასევე მილიონობით ადამიანი შეიწიროს თავისი შეშლილი ილუზიების გამო“, - განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, მიზეზი ისიცაა, რომ პუტინს არ სურს ერთი მარტივი ჭეშმარიტების აღიარება - ის ბრძოლის ველზე საკუთარ მიზნებს ვერასდროს მიაღწევს.
„სჯობს, მან უარი თქვას ფუჭ იმედებზე, რომ უკრაინა დაეცემა, მისი პარტნიორების მხარდაჭერა შემცირდება ან რუსეთზე ზეწოლა შესუსტდება“, - აღნიშნა მან.
სიბიჰას შეფასებით, რუსეთს საბოლოოდ მაინც მოუწევს დიპლომატიურ გზას დათანხმდეს, თუმცა იმ პირობებით, რომლებიც მისთვის გაცილებით უფრო არახელსაყრელი იქნება.
მინისტრმა დასძინა, რომ პუტინის უარი მშვიდობაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვან გაძლიერებასა და უკრაინის მხარდაჭერის ზრდას უნდა მოჰყვეს.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.