კასპში რამდენიმე ქუჩას სახელი ეცვლება. ამ თხოვნით კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღეს შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა მიმართა, რომელიც კვირაზე მეტია კასპიდან მართავს რეგიონს. გუბერნატორის თხოვნა საკრებულომ დღესვე დააკმაყოფილა და გადაწყვეტილებაც ერთხმად მიიღო. კასპის მთავარ ქუჩას, სადაც აღმართული გიორგი სააკაძის მონუმენტია აღმართული და რომელიც აქამდე იოსებ სტალინის სახელს ატარებდა, გიორგი სააკაძის სახელი მიენიჭება. სააკაძის ყოფილ ქუჩას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის, ფრიდრიხ ენგელისი ქუჩას ქვათახევის მოწამეთა ქუჩა დაერქმევა, ფილიპე მახარაძის ქუჩა კი სამების სახელობისა იქნება.
ქუჩებისთვის სახელების გადარქმევის საკითხი გუბერნატორის კასპის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას წამოიჭრა.
საკრებულოს სხდომის ოქმი ქუჩების სახელწოდების ცვლილებების შესახებ შემდგომი პროცედურების გასავლელად საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სპეციალური კომისიაში გაიგზავნება .