შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში განხორციელებული გახმაურებელი ტერაქტების მთავარი მოქმედი გმირების დაკავების სპეცოპერაციის ჩატარების ადგილს არ ახმაურებს.
"ჩვენ არ ვაკონკრეტებთ, თუ სად განხორციელდა ოპერაცია", - განუცხადა შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა რადიო "თავისუფლებას".
სპეცოპერაციის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით შეკითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებული მერაბ ყოლბაია თავს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ განცხადებაში შს სამინიტრო კატეგორიულად უარყოფდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის რუსლან ქიშმარიას მტკიცებას იმის თაობაზე, რომ "საქართველოს სპეცსამსახურები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 2-ჯერ შეეცადნენ იქ მცხოვრები ყოლბაიასა და ცხადაიას დაკავებას, რასაც აფხაზეთის მილიციის მხიდან ცეცხლი გახსნა მოხდა და საერთო ჯამში, უშედეგოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ბოლო დროს მომხდარი ყველაზე გახმაურებული ტერაქტების კიდევ სამი მთავარი მოქმედი პირი დააკავა. ესენია მერაბ ყოლბაია, მეტსახელად "კოჭოია", რომელიც აფეთქებების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო და ნუკრი შონია და დავით კეკუტია, რომლებიც აფეთქებებში ასევე მონაწილეობდნენ.
საქართველოში სექტემბერ-ნოემბრის თვეში განხორციელებული აფეთქებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში გახსნა. სპეცოპერაციის დროს, რომელიც "ენვერი 2"-ის სახელწოდებით "მოინათლა", შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი _ გოგიტა არქანია (აფეთქებების შემსრულებელი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე), ჯონი აბულაძე (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), მარიამ ნიკოლავა (თანამონაწილე, ასაფეთქებელი ნივთიერებების შემნახველი და გადამზიდავი), გოჩა ხურცილავა (თანამონაწილე, ასრულებდა მძღოლის ფუნქციას), გოდერძი არქანია (თანამონაწილე) და ლელა ხურცილავა (თანამონაწილე) დააკავეს.
როგორც ცნობილია, სექტემბერ-ნოემბრის თვეში აფეთქებები მოხდა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩის #88-ში მდებარე "ლეიბორისტული პარტიის~ ცენტრალურ ოფისთან, რის შედეგადაც დაიღუპა ადგილობრივი მცხოვრები ნინო გორდეზიანი, მუხიანის პირველ მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩის #13-ში მდებარე სუპერმარკეტთან, თბილისში, აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ასევე ორი აფეთქება განხორციელდა თბილისის რკინიგზის სადგურთან და ხობის რაიონის სოფ. ჭალადიდთან სარკინიგზო ხიდზე.