ევროპის ლიგის მეთექვსმეტდეფინალის პირველ მატჩში "ბაზელმა" მოსკოვის სპარტაკს უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. "სპარტაკის" 18 წლის ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა. ამ დროს "ბაზელი" 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში რუსულმა კლუბმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მე-2 დამატებულ წუთზე, დაახლოებით 21 მეტრიდან, ძალზე ზუსტი დარტყმით, ანანიძემ გუნდს გამარჯვება მოუტანა. ჯანოსთვის ეს ევროტურნირებზე გატანილი პირველი გოლი იყო.
გუშინ გამართული 15 მატჩიდან მასპინძლებმა მხოლოდ სამი მოიგეს. საკუთარ კედლებში გამარჯვებას მიაღწია "ლეხმა, რომელმაც პორტუგალიური "ბრაგა" 1:0 დაამარცხა. "ბენფიკამ" კარდოსოსა და ხარას გოლებით "შტუტგარტი" 2:1 დაამარცხა, ხოლო "იანგ ბოისმა" ასევე საკუთარ კედლებში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" 2:1 დაამარცხა.
მერვედფინალის საგზური ფაქტიურად გაინაღდეს "ლევერკუზენმა", "ტვენტემ", "აიაქსმა" და მოსკოვის "ცსკამ". "ლევერკუზენმა" ხარკოვში "მეტალისტი" 4:0 დაამარცხა, "აიაქსმა" სტუმრად მოუგო "ანდერლეხტს" 3:0, ენსხედეს "ტვენტენ" ყურბან ბერდიევის გუნდ ყაზანის "რუბინს" 2:0 მოუგო გასვლით შეხვედრაში. სტუმრად მოიპოვა გამარჯვება კიევის "დინამომაც". კიეველებმა სტამბულში "ბეშიქთაში" 4:1 გაანადგურეს.
დღის ცენტრალურ შეხვედრად "ნაპოლი"-"ვილიარეალის" დაპირისპირება მიიჩნეოდა. ნეაპოლში გამართული შეხვედრა ფრედ 0:0 დამთავრდა. 2:2 მორჩა ბორისოვოს "ბატესა" და "პსჟ-ს" დაპირისპირება. საინტერესო მატჩი შედგა სევილიაში. ადგილობრივი კლუბი "სევილია" საკუთარ მოედანზე "პორტუსთან" 1:2 დამარცხდა.
ევროპის ლიგის ფავორიტი "ლივერპული" პრაღას ესტუმრა და ადგლობრივ "სპარტასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. მეორე ბრიტანულ გუნდ გლაზგოს "რეინჯერსსა" და ლისაბონის "სპორტინგის" შეხვედრა 1:1 დამთავრდა.
განმეორებითი შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.