ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა გამოაცხადა.
საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ბრალდებულებს ადვოკატები არ ჰყავთ.
ლევან ხაბეიშვილზე, გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის ბრალდებით 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი 7 მაისს დააკავეს.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.