ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანული გაზი ევროკავშირის კიდევ ორ წევრ სახელმწიფოში, გერმანიასა და ავსტრიაში შევიდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან, კაია კალსთან შეხვედრისას განაცხადა.
ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და, ამავდროულად, ბაქო ყოველთვის იყო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესი. აღინიშნა ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები სამშვიდობო დღის წესრიგის გასაძლიერებლად. ასევე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანმა ერთმხრივად გააუქმა შეზღუდვა სომხეთში მიმავალ სატრანზიტო ტვირთებზე.
ასევე შეფასდა, რომ ერევანში გამართული „ევროპული პოლიტიკური გაერთიანების“ მე-8 სამიტზე პრეზიდენტ ალიევის ვიდეოფორმატით მონაწილეობა ისტორიული მოვლენა იყო.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის დღის წესრიგში არის ციფრული ტრანსფორმაცია, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგია და სხვა სფეროები.
განიხილეს ევროკავშირის მიერ აზერბაიჯანის მხარდაჭერა განაღმვის პროცესში და TRIPP-ის პროექტის მნიშვნელობა რეგიონული კავშირის გაუმჯობესებისთვის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა საკითხები, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს.