რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითს მოსკოვში შეხვდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომპლექსური აღდგენის გეგმის რეალიზაციის საკითხები განიხილეს. მათივე ინფორმაციით შეხვედრას სამუშაო ხასიათი ჰქონდა.
"მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის აღდგენის კომპლექსური გეგმის რეალიზაციის საკითხები განიხილებოდა. ედუარდ კოკოითმა ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რესპუბლიკის აღდგენის ტემპები ბოლო დროს დაჩქარდა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი გასული წლის შუაში რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართულმა შეხვედრამ", _ იუწყება ოსური მხარე.
ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრი ვიქტორ ბასარგინი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვადიმ ბროვცევი.