უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი უკრაინის ზაკარპატიის ოლქში მდებარე ქალაქ ბერეგოვოს მერს შეხვდა და ადგილობრივი უნგრული უმცირესობის მდგომარეობა განიხილა. მან ასევე გამოთქვა სურვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი ოფიციალური შეხვედრა ბერეგოვში გამართოს.
ამის შესახებ პეტერ მადიარმა Facebook-ზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზაკარპატიაში მცხოვრები ეთნიკური უნგრელების სოციალურ და უფლებრივ მდგომარეობას.
მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების განახლება სწორედ ამ თემების გადაწყვეტას უნდა დაეფუძნოს. მისი თქმით, ამ მიზნით იგი პრეზიდენტ ზელენსკის ივნისის დასაწყისში შეხვედრას სთავაზობს, სიმბოლურად - ბერეგოვში.
მადიარმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა უკრაინამ დაასრულოს საკანონმდებლო შეზღუდვები, რომლებიც მისი შეფასებით, ზაკარპატიელ უნგრელებს სრულად ვერ უზრუნველყოფს კულტურული, ენობრივი და საგანმანათლებლო უფლებებით.
„დადგა დრო, რომ უკრაინამ დაასრულოს ათწლეულზე მეტი ხნის საკანონმდებლო შეზღუდვები, ხოლო ზაკარპატიელი უნგრელებისთვის აღდგეს მათი ყველა კულტურული, ენობრივი, ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო უფლება, რათა ისინი კვლავ გახდნენ უკრაინის თანასწორი და პატივცემული მოქალაქეები… თუ ამ საკითხების მოგვარება მოხერხდება, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ უკრაინულ-უნგრულ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყებას“, - თქვა მადიარმა.
მისივე თქმით, უნგრული უმცირესობა უნდა დაუბრუნდეს „თანაბარი და სრულუფლებიანი მოქალაქეების სტატუსს“. მადიარმა ასევე შეაფასა უკრაინის მიერ 2025 წელს განათლების სფეროში შეთავაზებული ცვლილებები როგორც „პერსპექტიული, თუმცა არასაკმარისი“.