ჩვენი ეკლესია ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმ საცოდაობას რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება და იმას თუ როგორ ეუფლება რუსეთი მთლიანად ქართული ეკლესიის მმართველ ორგანოს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისოციალურ ქსელში წერს.
"პატრიარქის ორმოცთან დაკავშირებით
ჩვენი ეკლესია ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმ საცოდაობას რაც საპატრიარქოს გარშემო ხდება და იმას თუ როგორ ეუფლება რუსეთი მთლიანად ქართული ეკლესიის მმართველ ორგანოს. ასევე განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს ჩვენი დიდი პატრიარქების და მათ შორის ყველაზე მეტად ილია მეორის ისტორიული ღვაწლის, ქართული ეკლესიის დამპყრობლებისგან დაშორების საკითხში, წყალში გადაყრას.
ეს პოსტი ცოტა გრძელი გამოვა, მაგრამ მინდა არ დაიზაროთ და წაიკითხოთ.
ქართლის ეკლესია ავტოკეფალიური იყო V საუკუნიდან, რაც აღიარებული იყო მე-6 მსოფლიო კრებაზე კონსტანტინოპოლში 681 წელს. ქართლის კათოლიკოსი იოანე გაემგზავრა ანტიოქიაში ადგილობრივ კრებაზე დასასწრებად, რომელმაც დაადასტურა მსოფლიო კრების რეზოლუცია. თუმცა ავტოკეფალიისთვის ბრძოლა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. მე-8 საუკუნის მე-4 ათწლეულში ქართლის ეკლესიამ გააგზავნა წარმომადგენლები ანტიოქიაში ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მოსაგვარებლად. ანტიოქიის პატრიარქმა ერთხელ კიდევ დააწესა ქართლის კათალიკოსის განწესების ქართველი ეპისკოპოსის უფლება. მე-9 საუკუნემდე ქართლის ეკლესია იღებდა მირონს იერუსალიმიდან. მე-9 საუკუნეში იერუსალიმის პატრიარქმა ქართლის ეკლესიას დართო მირონის ქართლში დამზადების უფლება.
ყველაფრის მიუხედავად ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. თუმცა არცერთი დამპყრობლის პირობებში ეკლესია არ დაზიანებულა ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთის გამოჩენისას. ერთადერთი დამპყრობელი, რომელმაც გააუქმა როგორც ქართული სახელმწიფოებრიობა, ასევე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, იყო რუსეთი. (1801 წელს- სახელმწიფო, 1811 წელს- ეკლესიის ავტოკეფალია), თუმცა ეკლესიის ავტოკეფალიას ჯერ კიდევ აუქმებდა გეორგიევსკის ტრაქტატი, ერეკლე მეორის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი (1783 წ.) და უქვემდებარებდა მას რუსეთის სინოდს. კამათის პროცესში ქართველი მღვდელმთავარი მე-5 ადგილის ნაცვლად აღმოჩნდა მე-8 ადგილზე რუსეთში არსებული იერარქიის მიხედვით. გეორგიევსკის ტრაქტატი არ ამუშავებულა, მაგრამ უცნაურია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და მოძრაობა საქართველოში მოგვიანებით 1917 წლამდე ითხოვდა გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას, რომელიც ეკლესიის დამოუკიდებლობის გარდა ქართველებს ართმევდა მეფის არჩევის უფლებას, თუ ამაზე არ იქნებოდა რუსეთის მეფის თანხმობა. ავტოკეფალიის ჩამორთმევის შემდეგ გაუქმდა კათოლიკოს - პატრიარქის წოდება და ქართულ ეკლესიას მართავდნენ რუსეთის დანიშნული ეგზარქოსები. იმ წლებში უმოწყალოდ იძარცვებოდა ეკლესიები, ხდებოდა მათი ნგრევა და კედლების შეთეთრება, სამღვდელოების დევნა.
1917 წლის 12 მარტს საზოგადოებრიობის გამოჩენილი პირების და განსაკუთრებით კათოლიკოს პატრიარქის ბრძოლის შედეგად მოხერხდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რასაც ფაქტობრივად შეეწირა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი (კათოლიკოს პატრიარქი 1917 წლიდან), რომელიც მოკლეს რა 1918 წელს. რუსეთის დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ქართული ეკლესიის ავტოკეფალია უნდა აღდგენილიყო არა ტერიტორიული, არამედ ეთნიკური პრინციპით.
1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დამკვიდრდა ფილეტიზმი, რაც ნიშნავდა ავტონომიის პრინციპს აღმოსავლურ ეკლესიებში ანუ მათ დამოუკიდებლობას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან. კონსტანტინოპოლის 1872 წლის კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საეკლესიო იურისდიქცია უნდა განსაზღვრულიყო არა ტერიტორიული, არამედ ეთნიკური ნიშნით. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავდა ქართველების ჩამოცილებას საქართველოში მცხოვრები ბერძნებისაგან, ოსებისაგან, აფხაზებისაგან, რუსებისაგან ... , რაც ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანობას. დაიხურა საეკლესიო სკოლები, მონასტრები. სამღვდელოება დაპატიმრებული და დიდი ნაწილი მოკლული იყო.
1943 წელს მსოფლიო ომის მსვლელობისას ქართული სამღვდელოების აქტიურობამ და იმ წლების კათოლიკოს პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის დაუღალავმა შრომამ, მისმა დიპლომატიურმა ნიჭმა გამოიღო შედეგი და რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა ტერიტორიული ავტოკეფალია, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას გამოცხადებული ჰქონდა 1917 წლის 12 მარტს. დაიწყო ეკლესიების და მონასტრების აღდგენის პროცესი.
1977 წლის 23 დეკემბერს კათოლიკოს პატრიარქად თბილისში არჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი-ღუდუშაური. 1988 წელს მოსკოვმა დართო ნება გაეღოთ და რესტავრაცია ჩაეტარებინათ დახურული ეკლესიებისათვის. წლების მანძილზე არ შეწყვეტილა კათოლიკოს- პატრიარქის ილიას დიპლომატიური საქმიანობა, კონფერენციებში აქტიური მონაწილეობა. შედეგად მოხდა ის, რასაც არ მოელოდა მოსკოვი. 1990 წლის 3 მარტს მსოფლიო პატრიარქმა დემეტრიოსმა კონსტანტინოპოლში გამოსცა ორი დოკუმენტი: ერთი აღიარებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, რომელსაც ხანგრძლივი ისტორია ჰქონდა, დაწყებული მე-5 საუკუნიდან, მეორე აღიარებდა ქართული ეკლესიის კათოლიკოს- პატრიარქის ტიტულს, რომელიც დამკვიდრებული იყო მე-11 საუკუნიდან. ამავე დროს აღდგა ქართული პოლიფონიური გალობა ქართულ ეკლესიაში, დაიწყო ფრესკების აღდგენა.
ეს ყველაფერი მოხდა იმპერიის დაშლის მომენტში, თუმცა რუსები მაშინაც გამოხატავდნენ დიდ გაბრაზებას. ჩემთვის ნიშანდობლივია ის რომ სწორედ 1990 წლის შემდეგ პირველად გაუარესდა პატრიარქის ჯანმრთელობა. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, თუმცა მამტკიცებელი საბუთები არ მაქვს. ასევე მახსენდება პატრიარქის მიერ ჩემთვის თითქმის ჩურჩულით არაერთხელ ნათქვამი „ბატონო მიხეილ, არაფერში არ ენდოთ რუსებს.“
დედაჩემიც, როგორც ისტორიკოსი ხშირად ხვდებოდა პატრიარქს და ისიც იხსენებს ილია II-ის მსგავს ნათქვამებს, ისიც მხოლოდ ერთი-ერთზე საუბრისას. ჩემი დასკვნაა რომ პატრიარქს ეზიზღებოდა რუსეთი თუმცა უკიდურესად სიფრთხილით ეკიდება მასთან ურთიერთობას.
მე ამასწინათ ვახსენე, რომ ძალიან უხერხულად მომეჩვენა პატრიარქის გამონათქვამი პუტინთან 2014 წელს შეხვედრის დროს, მაგრამ ეს გვიანი მოღვაწეობის ცალკეული ფაქტი საერთოდ ვერ აკნინებს იმ ძალისხმევას რაც მან გაწია უზარმაზარი რუსეთისგან ეკლესიის ნაბიჯ-ნაბიჯ თავის დასახსნელად.
ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო თუ როგორ უმნიშვნელოდ გამოიყურებიან დღევანდელი საეკლესიო მაღალი იერარქები ილია II-ის მონუმენტური ფიგურის ფონზე. ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკლესიის ამ ეტაპზე გარდაუვალი მიტაცების შემდეგ, რუსეთმა საბოლოოს არ გააუქმოს ქართული სახელმწიფო, ეს ჩვენი თაობის მთავარი გამოწვევაა.
მადლობა ყველას ვინც ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
ისტორიული ფაქტების თავმოყრაში დამეხმარა დედაჩემი, პროფესორი გიული ალასანია", - წერს მიხეილ სააკაშვილი.