"ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
გეგელიას თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც საქართველოს რეგიონულ როლსა და საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებთან კავშირს განსაზღვრავს.
"ამერიკელი კონგრესმენის, პრეზიდენტ ტრამპის მოკავშირის, ჯო ვილსონის განცხადება, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი ვიზიტი და ინტერესი, კიდევ ერთხელ გვახსენებს და ადასტურებს, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ, რომლის მიმართაც შეერთებული შტატების დაინტერესება კვლავაც დიდია და სულ უფრო იზრდება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი პირდაპირ უკავშირდება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს — პროექტს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში და ჩვემი ქვეყნის კავშირს საერთაშორისო ეკონომიკურ და უსაფრთხოების სისტემებთან.
ანაკლია არის არამხოლოდ ეკონომიკური პროექტი, არამედ საქართველოს სუვერენული, სტრატეგიული არჩევანი. იმ ფონზე, როდესაც გლობალურ ძალებს შორის მიმდინარეობს არნახული კონკურენცია გავლენისთვის და კრიტიკულ რესურსებზე კონტროლისთვის, ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც კონტინენტების კარიბჭე და საქართველოს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი მთავარი პორტალი, სულ უფრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისთვის.
ამავე დროს, კონგრესმენი ვილსონის პოზიცია გვახსენებს, რომ ძლიერი დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები არის აუცილებელი წინაპირობა, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამჭვირვალედ და ქართველების ეროვნული ინტერესის გათვალისწინებით - და არა გარე გავლენების ზეწოლის ქვეშ.
სწორედ ამიტომ, ანაკლიის პორტი და დემოკრატიული განვითარება ერთმანეთისგან განცალკევებით ვერ განიხილება.
დღეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გახსნილია ახალი შესაძლებლობის ფანჯარა —
აშენდეს ანაკლიის პორტი დასავლური პარტნიორობით და ქვეყანა დაუბრუნდეს დასავლურ კურსს.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ მკაფიოდ აცხადებს, რომ:
1. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, როგორც ტრამპის სახელობის სამხრეთ კავკასიური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ლოგიკური გაგრძელება;
2. ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს დასავლურ ინვესტიციებითა და ამერიკელი და ევროპელი პარტნიორობის ჩართულობით და არა რუსულ/ჩინური სახელმწიფო კომპანიების ინტერესებით,
3. პორტს უნდა მიენიჭოს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის სტატუსი,
4. მისი განხორციელება უნდა მოხდეს მაღალი გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური კონტროლის პირობებში, გამჭვირვალედ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დაცვით.
ამავე დროს, აუცილებელია ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო,
რაც არის საფუძველი ქვეყნის სტაბილური განვითარების და სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებისთვის. სწორედ ამას ითხოვს de facto რეჟიმისგან დასავლელი პარტნიორები: ევროკავშირი და აშშ.
დღეს საქართველოს წინაშე დგას მკაფიო ამოცანა —გამოიყენოს არსებული შესაძლებლობა, გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ და უზრუნველყოს, რომ ანაკლიის პროექტი გახდეს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების საფუძველი, რაც საქართველოს მოქალაქეებს მოუტანს სიმდიდრეს და კეთილდღეობას, ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტს კი ასობით მილიონს.
არსებობს მეორე სცენარიც: საქართველომ დაკარგოს ყველა არსებული შესაძლებლობა, მას გვერდი აუაროს ტრამპის გზამ, დაკარგოს ისტორიული სატრანზიტო ფუნქცია და დარჩეს კორუმპირებულ ნაცრისფერ ზონად მშიერი ბავშვებით, დაუცველი მოხუცებით, დემოგრაფიული კრახით და ქართველების მასიური გადინებით.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ ირჩევს პირველ სცენარს: დემოკრატიის, ანაკლიის, რეალური მშვიდობისა და კეთილდღეობის გზას, რომელიც არის ქართული გზა ძლიერი ქართული სახელმწიფოსკენ.
ჩვენი გუნდი აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ბრძოლას,- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.