რუსეთში შესაძლოა ე.წ. იუკოსის საქმეს გადახედონ. რუსული მედიის ინფორმაციით ამის საბაბად შეიძლება იქცეს ხამოვნიჩესკოეს სასამართლოს მოსამართლის თანაშემწის ნატალია ვასილიევას მიერ მედიისათვის მიცემული სკანდალური ინტერვიუ, რომელშიც ვასილიევამ განაცხადა, რომ განაჩენი რომელიც მოსამართლე დანილკინმა წაიკითხა მის მიერ დაწერილი არ იყო და სასამართლოზე პროცესის მსვლელობის განმავლობაში მოსკოვის საქალაქო სასამართლოდან გამუდმებული ზეწოლა ხორციელდებოდა.
მიუხედავად ყოველივე ამისა რუსეთში ასევე აღნიშნავენ, რომ მიხეილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის ბედს ვერ შეცვლის, ხოლო პირები ან ორგანოები რომლებმაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა აიძულეს, არც დასახელდებიან და მით უმეტეს არც დაისჯებიან. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ნატალია ვასილევას ინტერვიუზე დაუყოვნებლივ რეაგირებას არც ხოდორკოვსკისა და ლებედევის ადვოკატები აპირებენ. ისინი ერთგვარ ტაიმ აუტს იღებენ პოზიციების შესაჯერებლად და შემდგომი მოქმედებების დასაგეგმად. ეს განცხადება მედიასთან საუბარში ლებედევის ადვოკატმა კონსტანტინე რივკინმა გააკეთა. მისი თქმით, "მენატეპის" ხელმძღვანელმა დღემდე არ იცის ვასილიევას ინტერვიუს შესახებ და მას ამ ინფორმაციას დღეს მიაწვდიან.
ვასილიევამ მხოლოდ დაადასტურა ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ მისი სიტყვები არის იმ ადამიანის სიტყვები, რომელიც სიტუაციას შიგნიდან ხედავდა. ჩვენ რა თქმა უნდა მისი მადლობელი ვართ" - განაცხადა რივკინმა. ამასთან ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ვასილიევას ინტერვიუს გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება "წინასწარ განსაზღვრული არასამართლიანი განაჩენის მუხლით" მოსამართლემ შეიძლება ამისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიიღოს. ამასთან ერთად საჭიროა რომ ვასილიევას სიტყვები თავად დანილკინმა დაადასტუროს, რომელმაც ყოველივე ამას უკვე უწოდა "ცილისწამება".
აღსანიშნავია, რომ "გაზეტა.რუ"-თვის მიცემულ ინტერვიუში ხამოვნიჩესკოეს რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწემ და პრეს-ატაშემ ნატალია ვასილიევამ განაცხადა, რომ "იუკოსის" მეორე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც კომპანიის ხელმძღვანელს მიხეილ ხოდორკოვსკის და "მენატეპის" ხელმძღვანელს პლატონ ლებედევს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იყო დაწერილი და იგი ძალადობრივად თავს მოახვიეს ხამოვნიჩეკოეს რაიონის სასამართლოს მოსამართლეს ვიქტორ დანილკინს.
უფრო ადრე, თავის ეჭვს იმის შესახებ, რომ განაჩენი დანილკინის დაწერილი არ იყო მიხეილ ხოდორკოვსკის ადვოკატებიც გამოთქვამდნენ.
ვასილიევა აღნიშნავს, რომ მას კარგად ესმის, რომ ასეთი გულწრფელობა მას შეიძლება თანამდებობის დაკარგვად დაუჯდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ინტერვიუს მიცემის გადაწყვეტილება მაინც მიიღო. როგორ გაირკვა, აღნიშნული ინტერვიუს მიცემამდე ნატალია ვასილიევამ განცხადება დაწერა, საკუთარი სურვილით თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
ამასთან ერთად, ვიქტორ დანილკინმა უკვე უწოდა ცილისწამება ნატალია ვასილიევას განცხადებას, იმის შესახებ, რომ მასზე "იუკოსის" საქმესთან დაკავშირებით ზეწოლა ხორციელდებოდა.
"დარწმუნებული ვარ, რომ ნატალია ვასილიევას განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება, რომლის გაბათილება კანონიერად შეიძლება", _ განაცხადა დანილკინმა რუსულ მედიასთან საუბარში.
ამას გარდა, თავის მხრივ, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ნატალია ვასილიევას ინტერვიუს ასევე "პროვოკაციას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ იგი დაკავშირებულია ხოდორკოვსკის განაჩენთან დაკავშირებით არსებული საკასაციო საჩივრის განხილვასთან, რომელიც მალე უნდა გაიმართოს.
"ეს პროვოკაციაა, კარგად ჩანს, რომ ვასილიევა არ იცნობს პროცესუალურ კანონმდებლობის საფუძვლებს", _ განაცხადა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა ანა უსაჩოვამ. მან იმედი გამოთქვა, რომ ვასილიევა უარყოფს თავის სიტყვებს, "ისე როგორც ადრინდელ შემთხვევებში".
"მოწმეები ჯერ ერთ ჩვენებას იძლევიან და შემდეგ აცხადებენ, რომ ისინი აიძულეს", _ განაცხადა უსაჩოვამ და აღნიშნა, რომ მისი აზრით, - "აქ საქმე ეხება არა უბრალოდ ზეწოლას სასამართლოზე, არამედ კარგად დაგეგმილ ფიარ-აქცია. ვასილიევა ადანაშაულებს მოსამართლეს მძიმე დანაშაულის ჩადენაში და მხოლოდ ის დარჩა დასადგენი თუ რა მოტივი ამოძრავებს მას".
უსაჩოვა ასევე აცხადებს, რომ ვიქტორ დანილნიკი ამ საქმეს ორი წლის განმავლობაში ისმენდა და "განაჩენის დაწერა მხოლოდ მას შეეძლო", ვინაიდან არც ერთი მოსამართლისათვის, მათ შორის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებისათვის არ არის ცნობილი საქმეში წარმოდგენილი დეტალები.
მიუხედავად ამისა, პრეს-ატაშეს მონათხრობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხოდორკოვსკის საქმის განხილვის დროს მის მოვალეობებში შედიოდა მედიასთან მუშაობა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსამართლე დანილკინთან ურთიერთობის დროს, შეექმნა შთაბეჭდილება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა გასული წლის ბოლოს, მაშინ როდესაც განაჩენი მზადდებოდა.
ვასილიევას თქმით, არც თუ ისე იშვიათად მოსამართლისგან "ისმოდა გარკვეული ფრაზები", რომლებიც პროცესთან იყო დაკავშირებული. მისივე Yთქმით, იგი ხედავდა მოსამართლის ემოციურად დათრგუნულ მდგომარეობას. "დანილკინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროცესის მსვლელობის დროს პრობლემებიც კი ჰქონდა და წნევა აწუხებდა", _ ამტკიცებს ვასილიევა.
ვასილიევა ასევე აცხადებს, რომ პროცესის დაწყების დღიდანვე კონტროლი ზემდგომი ორგანოების მხრიდან მუდმივი და ყოვლისმომცველი იყო. "რა თქმა უნდა ეს კონტროლი შენარჩუნდა მას შემდეგაც რაც სასამართლო განაჩენის გამოსატან ოთახში გავიდა", _ აცხადებს ნატალია ვასილიევა და დასძენს, რომ "ვიქტორ დანილნიკი ვალდებული იყო, ყველა სადაო მომენტი მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან შეეთანხმებინა. იქიდან კი იღება მითითებებს, თუ როგორ უნდა ემოქმედა და მოქცეულიყო შემდეგ და ამის საფუძველზე აგებდა პროცესს".
"ვიქტორ დანილკინი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამუდმებით იღებდა მითითებებს ტელეფონით მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისაგან ოლგა ეგოროვასგან. ამ საუბრების მოწმეც ვყოფილვარ და მთხოვდნენ ხელი არ შემეშალა. კვირაში ერთხელ კი დანილკინს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ანგარიშის ჩასაბარებლად იბარებდნენ", _ აცხადებს ნატალია ვასილიევა და აღნიშნავს, რომ როდესაც მოსამართლემ განაჩენის წერა დაიწყო, როგორც ჩანს მისი დაწერილი განაჩენი ზემდგომ ორგანოებს არ მოეწონათ და ამის შემდეგ მას მისცეს სხვა განაჩენი, რომელიც უნდა გაეხმოვანებინა.
ვასილიევა ასევე აცხადებს, რომ ამის დამტკიცება შეიძლებს თუნდაც განაჩენისათვის სტილისტური შემოწმების ჩატარებით, დანილკინის მიერ გამოტანილ სხვა განაჩენებთან შედარებით. ნატალია ვასილიევა ასევე აცხადებს, რომ მისთვის "აბსოლუტურად ზუსტადაა" ცნობილი, რომ განაჩენი მოსკოვის საქალაქო სასამართლოდან მოიტანეს".