ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გეგმავს, რამდენიც საჭირო იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს მე-5 მუხლის მსგავს „უსაფრთხოების გარანტიებში“.
„უნდა გვქონდეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა დავიცვათ როგორც უკრაინა, ასევე ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები. უკრაინას უნდა შეეძლოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება დაწესდეს, იქნება ეს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა თუ სხვა მესამე ქვეყნების დახმარება - არანაირი შეზღუდვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა არ უნდა მოხდეს. ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინამ და მხოლოდ უკრაინამ უნდა მიიღოს. ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე. ვიდრე უკრაინაში სისხლისღვრა გაგრძელდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. როგორც ხშირად მითქვამს, უკრაინა უნდა გადაიქცეს ფოლადის ზღარბად, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.