უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება რუსეთის მოთხოვნას, უკრაინულმა ჯარებმა დატოვონ დონბასი რადგან ეს მიუღებელი ულტიმატუმია. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი არ მიიღებს არცერთ ინიციატივას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფასად.
ამის შესახებ სიბიჰამ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საჯარო დისკუსიის დროს განაცხადა.
სიბიჰას თქმით, უკრაინა მზად არის უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომელსაც შემდგომ მონიტორინგი უნდა მოჰყვეს და ამისთვის შესაბამისი გეგმაც არსებობს.
მისი თქმით, ეს არის 20-პუნქტიანი გეგმა, თუმცა რამდენიმე, უფრო მგრძნობიარე საკითხი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.
„ჩვენ გვაქვს 20-პუნქტიანი გეგმა. დიახ, რამდენიმე — უფრო მგრძნობიარე — პუნქტი ჯერ არ არის შეთანხმებული. და როგორ უნდა მიიღოს უკრაინამ მოთხოვნა ან ულტიმატუმი ჩვენი ჯარების დონბასიდან გაყვანის შესახებ? ეს შეუძლებელია“, — განაცხადა სიბიჰამ.
მინისტრის თქმით, რუსეთი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინამ აღიაროს მისი იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც გულისხმობს იქ რუსული ვალუტისა და სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენებას.
„უკრაინა არასოდეს დათანხმდება არცერთ ინიციატივას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფასად. ეს არის ჩვენი მიდგომა“, — ხაზგასმით აღნიშნა მან.