ესტონეთი დარწმუნებულია, რომ აშშ დაეხმარება დაცვაში, თუ რუსეთი მას თავს დაესხმება. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპა ჯერ მზად არ არის, რომ მოსკოვს დამოუკიდებლად დაუპირისპირდეს.
ესტონეთის დაზვერვამ თებერვალში გაავრცელა გაფრთხილება, რომ მისი მეზობელი რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ მომავალი ომებისთვის უკვე აგროვებს საბრძოლო მასალას. რუსეთი კი უარყოფს ევროპელი ლიდერების ბრალდებებს, რომ ის შესაძლოა ნატო-ს დაესხას თავს და მათ „აბსურდს“ უწოდებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ შესაძლოა, აშშ-მა ნატო დატოვოს, თუ ევროპელი წევრები უარს იტყვიან გემების გაგზავნაზე ირანის მახლობლად, ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით. ალიანსი ასევე მანამდე შეშფოთებული იყო ტრამპის გეგმების გამო, რომელიც ითვალისწინებდა გრენლანდიაზე აშშ-ის შესაძლო კონტროლის დამყარებას.
თუმცა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა Reuters-თან განაცხადა , რომ მას ეჭვი არ ეპარება, რომ აშშ დაიცავს ესტონეთს, თუ რუსეთი მას თავს დაესხმება.
„დიახ, მე ვენდობი აშშ-ს და დიახ, ვენდობი ყველა ჩვენს მოკავშირეს“, - თქვა მან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ვიზიტის დროს.
მისი თქმით, აშშ-ს სჭირდება ევროპა სამხედრო თვალსაზრისით ისევე, როგორც ევროპას სჭირდება აშშ, ამიტომ „არ მგონია, რომ ნატო დაიშლება“. თქვა თავდაცვის მინისტრმა.
მან ნატო-ში არსებული დღევანდელი დაძაბულობა შეადარა ხანგრძლივ ქორწინებას:
„50 წელი მხოლოდ მშვიდი და უპრობლემო არ არის. არის განსხვავებები და პრობლემები, და მათი გადაჭრა საჭიროა ერთად,“ - აღნიშნა პევკურმა.
მისი თქმით, ევროპა ჯერ არ არის მზად, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებლად წინაღუდგეს მოსკოვს.
„ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ? - არა. ყველას (ნატო-ში) მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში,“ - თქვა მამნ.
პევკურმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრების უმეტესობა არ ასრულებს გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ხარჯები უნდა გაზრდილიყო მშპ-ის მინიმუმ 5%-მდე.
ესტონეთი წელს გეგმავს მშპ-ის 5.1%-ის დახარჯვას თავდაცვაზე, რაც ნატო-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ფარგლებს მიღმა საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს ირანში კონფლიქტის დასრულებაზე, რადგან ეს, მისი თქმით, აშშ-ს საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დაუთმოს უკრაინას.
„როგორც კი ეს მოგვარდება, არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ყურადღება უფრო მეტად უკრაინისკენ გადაიტანოს. ჩვენი რეგიონისთვის ეს კვლავ მთავარი პრობლემაა,“ - განაცხადა პევკურმა.