აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიევზე 16 აპრილის ღამეს რუსული საოკუპაციო ძალების მასირებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, რას ფიქრობდა კიევის დაბომბვაზე. ტრამპმა მოკლედ უპასუხა:
„მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
ტრამპს რუსეთის თავდასხმაზე მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.
16 აპრილის ღამეს რუსებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს. სამიზნეები იყო კიევი, დნიპრო, ოდესა და ხარკივი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას განცხადებით, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ ოკუპანტებმა გამოიყენეს დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები. გარდა ამისა, შეტევა არ ყოფილა მხოლოდ ღამის განმავლობაში — 15 აპრილის დღისით რუსეთმა ასევე გამოიყენა სტრატეგიული ავიაცია.
უკრაინის საჰაერო ძალების პრესმდივანმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის „პეტრიოტის“ რაკეტების — PAC-2 და PAC-3 — მარაგების დაუყოვნებელი შევსება, რათა ბალისტიკურ საფრთხეს ეფექტურად გაუმკლავდეს.