ამ ბრძოლაში „ლელო“ იქნება მოწინავე და მთავარი ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, „ლელო -ძლიერი საქართველო“ ყოველთვის იყო თანმიმდევრული და სახელმწიფოებრივი საკუთარ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა. იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლების სახლში გაშვება, „ლელო“ მზად არის, არ შეარჩინოს არცერთი ბრძოლის ველი და ჩვენ მივიღებთ ყველა არჩევნებში მონაწილეობას.
ბოლო წლების განმავლობაში, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სკეპტიციზმა, ბოიკოტმა და საარჩევნო ნიჰილიზმმა დააზიანა ზოგადად არჩევნების იდეა, რასაც მძიმე გავლენა იქნება მომავალშიც. ეს არათანმიმდევრულობა, რაც ოპოზიციის ნაწილმა გამოიჩინა, კარგია, რომ იცვლება, ამას მივესალმებით, რადგან სწორ სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგი, რათა შევძლოთ მოქალაქეების ინტერესების ასახვა პოლიტიკაში და ბიძინა ივანიშვილის სწრაფად გაშვება ხელისუფლებიდან. ამ ბრძოლაში „ლელო“ იქნება მოწინავე და მთავარი ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.