აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია ირანი „ოთხ საათში“ გაანადგუროს და გეგმა აქვს შემუშავებული, თუ თეირანი სამშაბათს ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის.
ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ირანის ყველა ხიდი და ელექტროსადგური რამდენიმე საათში გაანადგუროს.
მისი თქმით, ეს ჩრდილოეთ ამერიკის დროით, 8 აპრილს, შუაღამემდე მოხდება. (თბილისის დროით დილიდ 8 საათზე).
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერეს ეფუძნება და რომლის მიხედვითაც ირანში ყველა ხიდი განადგურდება.
ირანში ყველა ელექტროსადგური გაითიშება, დაიწვება, აფეთქდება და აღარასდროს იქნება გამოყენებული. ვგულისხმობ, რომ მთლიანად განადგურდება,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სურს ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება, თუმცა ვაშინგტონს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის აღდგენაში, თუ საჭირო გახდება.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია მათ ქვეყნის აღდგენაშიც კი დავეხმაროთ. და იცით რა? ყველაზე ნაკლებად გვინდა ელექტროსადგურებით დავიწყოთ, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტია და ხიდებით“, - განაცხადა ტრამპმა.