შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს 3 აპრილიდან ვიზა დასჭირდებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ პირველ აპრილს მიიღო და 12 თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს ცვლილება არ შეეხება.
„ევროკავშირმა ახლახან გააძლიერა მესამე ქვეყნების მიმართ ვიზის შეჩერების მექანიზმი, რაც მას საშუალებას აძლევს, ახალი საფუძვლებით დროებით დააწესოს სავიზო მოთხოვნები“, – აღნიშნულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში განმარტებულია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება შენგენის კანონმდებლობის ნაწილია და შვეიცარია ვალდებული იყო, ზომები მიეღო.
შვეიცარიამ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ეროვნულ კანონმდებლობაში და ორ ქვეყანას შორის ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილიც შეაჩერა.