53 წლის შემდეგ პირველად NASA-მ მთვარის გარშემო მისიაზე ასტრონავტები გაგზავნა.
Artemis II-ის 322 ფუტის (98 მეტრის) სიმაღლის Space Launch System-ის რაკეტა, რომელსაც Orion-ის ეკიპაჟის კაფსულა აქვს დამაგრებული, ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა.
ასტრონავტები კოსმოსში 10 დღეს გაატარებენ, რის შემდეგაც დედამიწაზე წყნარ ოკეანეში დაშვებით დაბრუნდებიან.
აღნიშნულია, რომ შესაძლოა, მისიამ გადააჭარბოს „აპოლოს“ პროგრამის მიერ დამყარებულ მანძილის რეკორდსაც და ადამიანები დედამიწიდან ყველაზე შორს მიიყვანოს - მანძილზე, სადაც ადამიანი ჯერ არასდროს ყოფილა.
მისიის კოსმიური ხომალდის ეკიპაჟის წევრები არიან: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი (აშშ), მისიის სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი (კანადა), მისიის სპეციალისტი კრისტინა კოხი (აშშ) და პილოტი ვიქტორ გლოვერი (აშშ). კოხი გახდება პირველი ქალი, გლოვერი - პირველი ფერადკანიანი ადამიანი, ხოლო ჰანსენი - პირველი არაამერიკელი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს.
NASA-ს პროგრამა, Artemis -ის მიზანია, ადამიანის დაბრუნება მთვარეზე 1972 წლის შემდეგ. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს არა მხოლოდ ასტრონავტების მოკლევადიან ვიზიტებს, არამედ მთვარეზე ხანგრძლივი ყოფნის შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და პლანეტის რესურსების გამოყენებას.