აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველაფერს, რაც ნატო-ს უკავშირდება, ხელახლა გადააფასებს.
ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა ტელეარხ Newsmax-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მხარდაჭერასაც მოიცავს.
„ვფიქრობ, ახლა უკვე საკმაოდ ნათელია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აფასებს და ხელახლა გადააფასებს. იქნება ეს ჩვენი მონაწილეობა ნატო-ში, ჩვენი მხარდაჭერა ევროპული ძალისხმევის მიმართ უკრაინაში თუ ნებისმიერი სხვა რამ, რასაც შეერთებული შტატები აკეთებს. ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელმა ხალხმა აირჩია, რათა ყველა ამ სიტუაციაში შეეტანა მიდგომა: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ . და ის, როგორც მთავარსარდალი, ამ გადაწყვეტილებების უმეტესობას იღებს“, - თქვა უიტაკერმა.
უიტაკერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ტრამპის გადაწყვეტილების მიღებისას მისი განზრახვების შესაბამისად იმოქმედებს.
„ახლა აბსოლუტურად ყველა ვარიანტი განიხილება“, - განაცხადა უიტაკერმა.