რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა მიანიშნა, რომ კრემლი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებას აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ ის „ნათლად ჩამოყალიბებული“ არ არის.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ კრემლი ცდილობს დაარწმუნოს უკრაინა, მიიღოს გადაწყვეტილება „მშვიდობის“ მიღწევის შესახებ.
„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ: ზელენსკიმ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა მივაღწიოთ მშვიდობას და არა ცეცხლის შეწყვეტას“, - განაცხადა პესკოვმა.
30 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკული ზავისთვის.
"ჩემი თვალსაზრისით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივისცემით ეკიდებიან სიცოცხლეს, საუბრობენ არა რამდენიმე დღით, არამედ სამუდამოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისებისა, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, კიევი იღებს სიგნალებს პარტნიორებისგან რუსულ ნავთობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირების თხოვნით, მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის ფონზე.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია ის პარტნიორები, რომლებისგანაც მსგავსი თხოვნა მიიღო.
„თუ რუსეთი მზადაა, არ დაარტყას უკრაინის ენერგეტიკას, მაშინ ჩვენც არ ვუპასუხებთ დარტყმებით მათ ენერგეტიკაზე. შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის მოსაგვარებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.