აშშ-ის პრეზიდენტი ირანთან ომის დასასრულებლად მზადაა იმ შემთხვევაშიც, თუ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, – ამის შესახებ Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაასრულოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის სამხედრო ოპერაცია ირანთან კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს.
როგორც გამოცემა წერს, ასეთი ნაბიჯი, სავარაუდოდ, გაამყარებს თეირანის კონტროლს სრუტეზე.
წყაროების თქმით, თუ დიპლომატიური ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს, მაშინ აშშ ევროპელ და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.