საქართველოს მოქალაქეები რომლებიც მომავალი წლიდან გაემგზავრებიან ე.წ. შენგენის ზონაში, სერიოზულ შეღავათებს იგრძნობენ. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, ეს შეღავათები არ ეხება მხოლოდ ოფიციალურ დელეგაციებს, დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებს, არამედ ეს შეღავათები შეეხება იმ ადამიანებს, ვინც კანონიერი მიზნებით მიემგზავრება შენგენის ზონაში. ანუ საუბარია მეცნიერებზე, სპორტსმენებზე, სტუდენტებზე, სამკურნალოდ მიმავალ ადამიანებზე.
`ყველა კანონიერი მიზნით მიმავალი ადამიანისთვის ვიზის აღება ბევრად უფრო მარტივი და იაფი იქნება, რომელსაც მომავალი წლიდან ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს~, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.