ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო აბსურდის თეატრში მონაწილეობა.
“ხელი გაუთქმელობას მოვაწერე, შესაბამისად, იმ კითხვების შესახებ, რომელიც დაისვა, უფლება არ მაქვს, ვისაუბრო. მე ვისაუბრე იმაზე, რომ დღევანდელი დაკითხვაც არის აბსურდი და აბსურდის თეატრში მონაწილეობა. მე არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით ეს გამოძიებაც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დარღვევაა ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია “მოსკოვის მექანიზმთან” ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ექნებათ. ეს ორგანიზაცია ან პირი უნდა იყოს დაცული და ხელისუფლებას ეკრძალება ნებისმიერი სახის ზეწოლა, თუნდაც დაბარება, როგორც დღეს მოხდა. დღეს, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს არის სერიოზული დარღვევა ეუთოს მოთხოვნების, რაზეც საქართველოს ხელისუფლება პასუხი უნდა გასცეს.
მე არანაირი კოორდინაცია არ გამიწევია, გავეცი კითხვებს პასუხი, დავეხმარე ექსპერტს, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლებადამცველის მოვალეობა. ექსპერტმა მთხოვა, თუ მქონდა რამე ინფორმაცია წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დავით ქაცარავას საქმე გამახსენდა, რომელიც ძალიან ცნობილია საზოგადოებისთვის, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიცაა გაგზავნილი.
ეუთოს მექანიზმი ოფიციალური მექანიზმია, ეს არ არის რაღაც კერძო დაწესებულება, საქართველო 1992 წლიდან ეუთოს წევრია, ვალდებულება აქვს ექსპერტთან ითანამშრომლოს, ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს, სწორედ ამიტომ შეხვდნენ მას სახელმწიფო თანამდებობის უმაღლესი პირები. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დღეს თანამდებობის პირებიც უნდა დაიკითხონ. გამოძიება ძველი მუხლებითაა, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, თუ სწორად მახსოვს, 333-ე და 319-ე მუხლები, რაც უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარებას გულისხმობს”, - განაცხადა ნანუაშვილმა.