თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსდება.
„ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ზომები მიიღება, ჩვენ კონსულტაციებს ვატარებთ ნატო-სთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენს მიერ მიღებული ეროვნული ზომების გარდა, ნატო-მ გააძლიერა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ზომები. ამ სტრუქტურის ფარგლებში, Patriot-ის სისტემა ამჟამად მალათიაშია და ჩვენი საჰაერო სივრცის დაცვის უზრუნველსაყოფად განლაგებისთვის ემზადება“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც Anadolu იუწყება, განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვამ თურქეთის ცაში აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მეორე ბალისტიკური რაკეტა ჩაჭრა. [პირველი რაკეტა ხმელთაშუა ზღვის თავზე 4 მარტს ჩამოაგდეს].
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა „არაფრით მართლდება“. ირანმა უარყო თურქეთის მიმართულებით რაკეტების გაშვება.