„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ფარულავას განცხადებით, მას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უჩივის და 50 ათასი ლარის გადახდას ითხოვს..
მისი თქმით, ჭიკაიძის მიერ სასამართლოში მის წინააღმდეგ, ასევე ტელეკომპანია „ფორმულასა“ და გადაცემა „დროების“ წამყვანების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით მედიაში გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს უკავშირდება.
"ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრია, სასამართლოში მიჩივის, ჩემგან 50 000 ლარის გადახდას ითხოვს. სარჩელი უკავშირდება მედიაში არაერთხელ გაშუქებულ კორუფციულ ფაქტებს - ე.წ. ქოლცენტრების შესაძლო მფარველობას, მათთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას და ამ საქმიანობიდან სავარაუდოდ მიღებული სარგებლის ბიზნესში დაბანდების შესაძლო სქემებს. მე და ჩემი მეგობრები უკვე წლებია ვითხოვთ ამ საკითხებზე გამოძიების დაწყებას. მათ შორის, საჯაროდ არაერთხელ დავსვით კითხვა ალექსანდრე ჭიკაიძის შე⅞საძლო ფინანსურ კავშირზე ავიაკომპანია GeoSky-სთან, რომელიც კახელ ბიზნესმენს ეკუთვნის და ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასთან ასოცირდება. საგულისხმოა, რომ ამ კორუფციული ამბის გაშუქების გამო, ჭიკაიძემ სასამართლოში სარჩელი არა მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და გადაცემა „დროების“ წამყვანების წინააღმდეგაც შეიტანა. სიმბოლური არის, რომ დღეს კრიტიკული კითხვის დასმის გამო სასამართლოში გვიჩივის ადამიანი, რომელიც შს მინისტრობის დროს თალიბანს პიროვნებისგან ვერ არჩევდა, თუმცა მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ოლიგარქივით გამდიდრდა. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ცდილობს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფი სასამართლოს გამოყენებას კრიტიკული ხმის დასაშინებლად და ჩასახშობად. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია იმ სისტემის, რომელიც წლებია შენდება საქართველოში და რომლის მთავარი ბენეფიციარიც ბიძინა ივანიშვილია“, - განუცხადა ფარულავამ ჟურნალისტებს.