ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი და სამარცხვინო ადგილი საქართველოს ისტორიაში. ეს ძალიან კარგად ესმით საკონსტიტუციო სასამართლოშიც, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
სიორიძე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის სურვილს იმის თაობაზე, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღოს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა.
სიორიძის თქმით, ივანიშვილი ყველას აიძულებს ანტიკონსტიტუციურ აქტში მონაწილეობა მიიღონ.
„დღეს დილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი ერთ-ერთი მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ. ჩვენ არ გვიკვირს კობახიძის მცდელობა, თავი აარიდოს ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაში მონაწილეობას, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ივანიშვილის ამ გეგმის განხორციელებაში, ემუქრებათ არა მხოლოდ საერთაშორისო, ფინანსური და სავიზო სანქციები, არამედ ქართული საზოგადოების უმკაცრესი ვერდიქტი და სამარცხვინო ადგილი საქართველოს ისტორიაში. ეს ძალიან კარგად ესმით საკონსტიტუციო სასამართლოშიც, თუმცა ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის პრინციპით და ყველას აიძულებს ამ ანტიკონსტიტუციურ, დანაშაულებრივ აქტში მონაწილეობას. ივანიშვილის რეჟიმი აპირებს აკრძალოს ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მათივე ოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე მოქალაქემ დაუჭირა მხარი.
პარტიების აკრძალვის პროცესი არის საქართველოში დემოკრატიის დასამარებისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს. ეს ნაბიჯი აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს, ის აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს წარმოადგენს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 78-ე მუხლი. საფრთხე შეიძლება შეექმნას, როგორც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ასევე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ფინანსურ დახმარებებს და ყველა იმ პრივილეგიას, რომლითაც სარგებლობდა ჩვენი ქვეყანა და პირველ რიგში სარგებლობდნენ საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, საქმე გვაქვს ისტორიულ დანაშაულთან, რომლის გამოც „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ყველაზე დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელიც კი მას ოდესმე გადაუხდია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა.
შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს.
მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს.