ეს არის ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება მოჰყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა „ევროსკოპს“ განუცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
ლამერტის თქმით,, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დღეიდან, 6 მარტიდან და 12- თვიანი საწყისი პერიოდის განმავლობაში.
„ეს არის ვიზის შეჩერების ახალი მექანიზმის გამოყენების პირველი შემთხვევა. გადაწყვეტილება მოჰყვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას. ვიზალიბერალიზაცია მიზნად ისახავს ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებას და საერთო ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელშეწყობას და კომისია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც ვიზალიბერალიზაციაა დაფუძნებული. ეს შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან. საკითხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, კომისიამ მიიღო სახელმძღვანელო პრინციპები წევრი სახელმწიფოების საკონსულო ორგანოებისა და საზღვრის დამცველებისთვის, რათა მხარი დაუჭირონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტურ განხორციელებას. ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის გარე საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის, ახალი ზომების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.