ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი წყარო ხალხია და ოპოზიცია მათთან არ მუშაობენ. იციან, ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ პატრონებთან ერთად რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე საუბრისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„ეს რადიკალები დაშლილები არასოდეს იყვნენ, მათ პატრონები კონფიგურაციას უცვლიდნენ. ახლა ისევ შეაერთეს. მათი პატრონების მხრიდან მსგავსი მანიპულაციები აქამდეც გვინახავს. იმედია, ჩვენი ამომრჩეველი არ მოტყუვდება, როგორც აქამდე არ ტყუვდებოდა. მათ არ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ცვლილება კონსტიტუციური მეთოდებით უნდა მოხდეს. ხელისუფლებაში მოსვლის მთავარი წყარო ხალხია და მათთან არ მუშაობენ. იციან, ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ პატრონებთან ერთად რევოლუციურ სცენარებს განიხილავენ. ეს ადამიანები ამომრჩეველთან კონტაქტს არ ამყარებენ, არჩევნების დროს ბრიუსელსა და ბერლინში მიდიან ან რეგიონებში ოთხკაციან შეკრებას აწყობენ. ხელისუფლების წყაროდ ხალხი არ მიაჩნიათ. მათ გაერთიანებაში ისეთი ხალხი არ არის, ვინც „ნაცმოძრაობაში“ რიგითი წევრი იყო, ისინი უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ. ანუ, თანამონაწილე არიან ყველა იმ შავბნელი ქმედების, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალებშია. რა უკვირთ, ვერ გავიგე, ისინი ამ პარტიის ხელმძღვანელები იყვნენ. არ ერთიანდებიან, რასაც ვხედავთ, ეს მათი პატრონების კონფიგურაციაა. აქამდე გაერთიანების ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. პირთა წრე, რომელიც ხელმძღვანელები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს, რადიკალური ძალების აგენტურაა, რომელსაც ხელს არ უშვებენ. მათ ხან აქეთ გადაანაცვლებენ, ხან – იქით. საუბარი არ არის საშუალო და დაბალი დონის „ნაცებზე“, საუბარია, რეჟიმის შემოქმედებზე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.