დღეს, 24 თებერვალს ოთხი წელი გავიდა უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან. რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან.
სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის დეკემბრამდე პერიოდში ომში რუსეთის მხრიდან 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 325 000-ია. იმავე პერიოდში, უკრაინის მხრიდან 500 000-600 000 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ შორის დაღუპულთა რაოდენობა 140 000-ია.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემებით, ომის შედეგად 14 999 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 763 ბავშვი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მონაცემები, სავარაუდოდ, არასაკმარისად შეფასებულია და რეალური რაოდენობა მეტია.
„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 19.4%-ს აკონტროლებს, 2022 წლის თებერვლამდე, სრულმასშტაბიან შეჭრამდე, კი ის უკრაინის თითქმის 7%-ს აკონტროლებდა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბურმა სამხედრო დაპირისპირებამ მწვავე მიგრაციული კრიზისიც გამოიწვია. ომის შედეგად თავისი საცხოვრებელი დაკარგა მილიონობით უკრაინელმა.
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების რიცხვი 15 მილიონს აჭარბებს.უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით წაიყვანა სულ მცირე 20 ათასი ბავშვი. მათგან დაახლოებით 1900-ის დაბრუნება მოხერხდა.
ომამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონს აჭარბებდა.