უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ომის დასრულების განზრახვა, ვლადიმირ პუტინი კი უბრალოდ „ეთამაშება“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ცდილობს მოლაპარაკებების პროცესი გამოიყენოს უკრაინის პოზიციების შესასუსტებლად. ამის შესახებ ზელენსკინ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსები თამაშობენ და ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ აქვთ. ამას იმიტომ ვხედავ, რომ ისინი ძალიან ცუდი მსახიობები არიან. ისინი ტრამპთან და მთელ მსოფლიოსთან თამაშობენ. პუტინი ფიქრობს, რომ დამაჯერებლად გამოიყურება და მისი ნდობა შეიძლება. არა, ის ცუდი მსახიობია,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინისპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ მშვიდობისთვის მზადყოფნის ილუზიას ქმნის.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსებმა ტრამპს 12 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებების პაკეტი შესთავაზეს.
მისი თქმით, წინადადება შეიცავდა დებულებებს „უკრაინის შესახებ“, რომლებიც პოტენციურად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციის საშუალებას მისცემდა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები „დემაგოგიასა და ტყუილს“ წარმოადგენს და რომ პუტინთან ნებისმიერი შეთანხმება მყარი გარანტიების გარეშე სახიფათოა, რადგან „რუსეთის ნდობა არ შეიძლება“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპის ზეწოლა უკრაინაზე მნიშვნელოვნად აღემატება მოსკოვზე ზეწოლას. თუმცა, ზელენსკი კვლავ იმედოვნებს, რომ მისი ვაშინგტონიელი კოლეგა შეცვლის თავის პოზიციას.
„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ და პუტინს შეაჩერებენ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მე ვეყრდნობი უკრაინის მოქალაქეებს, ჩვენს არმიას და ჩვენს წარმოებას“, - თქვა ზელენსკიმ.