თბილისმა რუსეთის მიერ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდ "მისტრალის" შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით ოფიციალური პარიზისგან ახსნა-განმარტება ითხოვა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ კვირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს განუმარტა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოსკოვთან მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"როგორც ფრანგულმა მხარემ განგვიმარტა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია", - განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილემ საგარეო უწყების სახელით აღნიშნულის გამო შეშფოთებაც გამოთქვა და განმარტა, რომ რუსეთის მიერ ისეთი სადესანტო ხომალდის შეძენა, რომელიც 16 ტანკსა და თვითმფრინავს იტევს, საქართველოსთვის სახიფათოა.
"რუსეთმა უკვე შეიტანა განაცხადი ავიამზიდის შესყიდვის თაობაზე. ეს არის მოიერიშე ხომლადი, რომელზეც, დაახლოებით, 16 ტანკი და 16 ვერტმფრენი ეტევა. ხომალდის რუსეთისთვის ხელში ჩაგდება იქნება საფრთხის მომტანი მთლიანად რეგიონისთვის, რადგან რუსეთმა თავის კანონმდებლობაში შეიტანა ცვლილება, რომლითაც შესაძლებლად მიიჩნევს, განახორციელოს აგრესია სხვა სახელმწიფოზე", - - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა, რომ "მისტრალის" კლასის ხომალდის ყოლის შემთხვევაში რუსეთის საზღვაო ძალებს საშუალება ექნებოდათ უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან შარშანდელი აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი" ამავე დროს ვერტმფრენმზიდიცაა.