თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის, ალექსანდრე გაბაშვილის მამა ამბობს, რომ გუშინ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ბიჭი, რომელიც ლიფტში ცივი იარაღით დგას, ნამდვილად მისი შვილია.
დაკავებულის მამა ამბობს, რომ მისი შვილი ჩხუბის ვიდეოებში არ არის.
"ეს ნამდვილად ჩემი შვილია, ლიფტში, დანით ხელში, გეთანხმებით.. დაფარვის გარეშე მაქვს მასალა ნანახი და ჩემი შვილი იმ ვიდეოებში არ არის, არა ტანსაცმლით, არა სახით, არა ხმით, ახლა შვილს ვიცნობდი.
არა, პაპკა არის ცალკე მასალებში, რომელზეც აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეოები გადაცემულია ექსპერტიზაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა მასალებში არ დევს.
თუ თეორიულად ჩემი შვილი როდესმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, მაგრამ სანამ არ არის იმის მტკიცებულება, რომ ის იქ არ არის და ის ბავშვი არ არის იმ კადრებში, ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.
პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის, ჯერ დაგვიდეს ქვა, მერე შეაცვლევინეს მოწმეებს ჩვენებები, მერე დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. უნდოდათ ჯგუფური, ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე არანაირი მტკიცებულება არ იყო ჯგუფურის და ახლა ცდილობენ იმას, რომ ერთი წლის წინ რაღაც ვიდეო, ვიღაცის ტელეფონში იპოვნეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიო," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.