საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძე აშშ-ში და ვისთან ჰქონდა შეხვედრები, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის აშშ-ში ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება.
„რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ივანიშვილის მიერ შიკრიკად იყო გაგზავნილი შეერთებულ შტატებში. მაშინ ეს კონკრეტული ინფორმაცია სუს-მა მყისიერად უარყო, დღეს კი თავად დაადასტურეს ის სიცრუე, რაც მაშინ განაცხადეს. კეთილი ინებონ და საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის გააგზავნა ივანიშვილმა მდინარაძე და ვისთან ჰქონდა ამერიკაში შეხვედრები.
რა თქმა უნდა, პირველი ივანიშვილის პირადი ინტერესებია. სუს-სა და მამუკა მდინარაძეს მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებას აუხსნან, რა მიზნებისთვის იყო იქ და ვისთან ჰქონდა შეხვედრები. სუს-ის გამოხმაურებას დაველოდოთ“, – აღნიშნა ფარულავამ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომ სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
მანამდე, 4 თებერვალს პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა: "მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით. ის იმყოფება აშშ-ში" . ინფორმაცია მოგვიანებით სუს-მა არ დაადასტურა და თქვა, რომ ის თბილისში, სამსახურში იმყოფებოდა.