პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა საზოგადოებისთვის სიურპრიზი იყო.
"პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას მოწმენი გავხდით სიურზრიზის, რაც გამოიხატება საქართველოს მოდერნიზაციის გეგმის შემოთავაზებაში. ასეთი გეგმის გამოქვეყნებამდე ზოგადად ქვეყანაში საკმაოდ აქტიური დისკუსია იმართება ხოლმე. ჩვენთან კი, ქვეყნის მოდერნიზაციაზე ექსკლუზიური უფლებაა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მან საქართველოს გრძელვადიანი განვითარების გეგმაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამითYმთავრობამ მოსახლეობას 2015 წლამდე ოპტომიზმის უფლება წაართვა.
"გამოაცხადეს ახალი თარიღი მოლოდინებისა. ეს არის 2015 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012-ში, 2013 და 2014 წლებში რაიმე ოპტიმიზი უნდა იყოს მინიმალიზირებული", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
გარდა ამისა, სოსო ცისკარიშვილმა სააკაშვილის ანგარიშის ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელშიც ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში კორუფციისა და მონოპოლიზაციის არარსებობაზე ისაუბრა.
"მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ აუწყა, რომ ქვეყანაში არ არის კორუფცია და არც ეკონომიკაშია მონოპოლისტური საქმიანობა. ვისაც სჯერა დაიჯეროს, მაგრამ ეკონომიკურ პროცესებში ოდნავ გარკეული ადამიანისთვის, ასეთი ლოზუნგები რაიმე ღირებულებას არ წარმოადენს. ჩემთვის უფრო სარწმუნოა მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული მონაცემები, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოს ეკონომიკის 68 % წარმოადგენს ჩრდილოვანი ეკონომიკის რეჟიმში მოქმედ აქტივობას. ჩრდილოვანი ეკონომიკა კი სხვა არაფერია, თუ არა კორუფციის საუკეთესო თავშეფასაფარი", - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება მონოპოლიზაციას, პოლიტოლოგს აინტერესებს, თუკი ქვეყანაში მონოპოლიზაცია არ არსებობს, რატომ არის კატასტროფულად გაზრდილი ფასები "საწვავიდან დაწყებული კინოთეარტში მაყურებლისთვის შეთავაზებული ბატიბუტის ჩათვლით და რატომ ღირს ერთი და იგივე წამალი თბილისში ორჯერ მეტი, ვიდრე სტამბულში".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.