გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირების ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
„სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული პირების მონაწილეობით გამოვლინდა სხვა დანაშაულებრივი ფაქტები:
ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა და სხვა პირებმა მათთვის მიუღებელი პირების გამოვლენისა და დასჯის მიზნით, ჯგუფური ძალადობა დააორგანიზეს, ისინი შეთანხმდნენ სისტემატურად მოეხდინათ ასეთ პირთა შერჩევა, დაემყარებინათ მათთან კომუნიკაცია, მოტყუებით დაეთანხმებინათ ისინი შეხვედრაზე და ფიზიკურად გასწორებოდნენ. გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა. ჯგუფური ძალადობის მიმდინარეობას ისინი კამერაზე აფიქსირებდნენ, ძალადობის ამსახველ კადრებს კი ინახავდნენ მობილურ ტელეფონებში და ავრცელებდნენ მიზნობრივ ჯგუფებში.
დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა განახორციელა. შემდეგი ძალადობრივი ქმედებები:
2025 წლის ზამთარში გიორგი რიკაძემ, ალექსანდრე გაბაშვილმა, დემეტრე ჩიქოვანმა, და სხვა პირებმა იმ მოტივით, რომ თითქოსდა 30 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით სწერდა, მისი დასჯა და დაშინება გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, ალექსანდრე გაბაშვილმა და სხვა პირებმა დაზარალებული მოტყუებით მიიყვანეს ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, მე-20 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
ასევე, 2025 წლის ზაფხულში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში, 21-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიორგი რიკაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სხვა პირებთან ერთად, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, ფიზიკურად, უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ხოლო ძალადობის პროცესი, ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს.
იმავე მიზნითა და მოტივით, 2025 წლის თებერვალში, გიორგი რიკაძე დემეტრე ჩიქოვანთან და სხვა პირებთან ერთად, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, მათთვის მიუღებელი პიროვნების დასჯისა და დაშინების მიზნით, თავს დაესხნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
2025 წლის სექტემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ქ.თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონში მდებარე ახალ სკვერში დემეტრე ჩიქოვანი და სხვა პირები ფიზიკურად გასწორდნენ იქ მყოფ ახალგაზრდებს. თავს დაესხნენ დაზარალებულებს და სხეულის არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმის შედეგად ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ.
ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი რიკაძეს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დემეტრე ჩიქოვანს, სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მასვე ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება) და საქმე არსებითად განიხილება სასამართლოში.
სამივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს პატიმრობა.
აქვე განვმარტავთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ახლად გამოვლენილ დანაშაულებრივ ფაქტებში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, - განაცხადა პროკურორმა.