აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნის ფონზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტი პასუხისმგებლობა აიღონ, შეერთებული შტატები ნატო-ს ორი მთავარი სამეთაურო პუნქტის მართვას ევროპელ ოფიცრებს გადააბარებს. ამის შესახებ Reuters წერს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, საუბარია იტალიის ქალაქ ნეაპოლსა და ვირჯინიის ქალაქ ნორფოლკში მდებარე პოსტებზე.
„მოკავშირეები შეთანხმდნენ ნატო-ს სამეთაურო სტრუქტურაში უფროსი ოფიცრებისთვის პასუხისმგებლობების ახალ განაწილებაზე, რომელშიც ევროპელი მოკავშირეები, მათ შორის ნატო-ს უახლესი წევრები, უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ალიანსის სამხედრო ხელმძღვანელობაში,“ - განაცხადა ნატო-ს წარმომადგენელმა.
მან დასძინა, რომ გადაწყვეტილება „მომავალი როტაციების დაგეგმვას“ უკავშირდება და დამატებითი დეტალები დროულად გახდება ცნობილი.
წყაროს ცნობით, ამ ცვლილების ფარგლებში, ევროპელი ოფიცრები გადაიბარებენ ნატო-ს ნეაპოლის გაერთიანებული ძალების სარდლობისა და ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობის ხელმძღვანელობას, რომლებსაც ამჟამად ამერიკელი ადმირალები ხელმძღვანელობენ.
ამავდროულად, აშშ კონტროლს აიღებს სამ სარდლობაზე, რომლებიც ოდნავ უფრო დაბალ საფეხურზე არიან, მაგრამ მნიშვნელოვანი ოპერატიული პასუხისმგებლობა აქვთ - ერთობლივი საჰაერო სარდლობა, ერთობლივი საზღვაო სარდლობა და ერთობლივი სახმელეთო სარდლობა.