შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი: 1974 წელს დაბადებული კ.ჭ., 1988 წელს დაბადებული გ.ქ. და 1993 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დგინდება, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კ.ჭ.-მ, გ.ქ.-სთან და ი.ქ.-სთან ერთად, 2004 წელს დაბადებული შ.ჭ.-ს მიმართ ძალადობა დააორგანიზა. გასული წლის 31 დეკემბერს, მათ შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შ.ჭ.-მ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა გ.ქ.-ს და კ.ჭ.-ს. პოლიციამ 2004 წელს დაბადებული შ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით კ.ჭ.-ს, გ.ქ.-ს და ი.ქ.-ს ბრალეულობა გამოიკვეთა და სამართალდამცველებმა ისინი თბილისში, ბათუმსა და ხობში დააკავეს“,- ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.