„თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში“ დიდი ოდენობით თანხის სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოძიება 2023 წელს მომხდარ სავარაუდო ფაქტს ეხება, რადგან აუდიტის სამსახური ყველა კომპანიას თანმიმდევრულად ამოწმებს.
„აუდიტი მუშაობს ყველა მიმართულებით. შესაბამისად, თუ რაიმე სიახლე იქნება აღნიშნულთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებაში სხვა არაფერი გადაგვიგზავნია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება. აუდიტის სამსახური ერთდროულად ვერ შევა ყველა უწყებასა და სამსახურში. მუნიციპალიტეტში მუშაობს 30 ათასამდე თანამშრომელი და არსებობს მერიას დაქვემდებარებული უამრავი უწყება. ამიტომ გარკვეული დრო სჭირდება როგორც შემოწმებას, ისე კონკრეტულ კომპანიებში შესვლას. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთი წლის წინ იყო თუ სამის. არანაირი ფულის გაფლანგვაზე არ არის საუბარი. შესაძლოა სულ არაფერი იყოს. იყო გარკვეული დარღვევები და ამის მოკვლევა მიმდინარეობს, ძალიან მარტივია. მუნიციპალიტეტში 30 ათასამდე ადამიანი მუშაობს, თუ ვინმე ჩადის დანაშაულს, ყველა აგებს საკუთარ ჩადენილ დანაშაულზე პასუხს. ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ თუ ვინმე ჩადის დანაშაულს კანონის წინაშე აგოს პასუხი აუდიტის სამსახური თანმიმდევრულად მიყვება უწყების ყველა სამსახურს, ამოწმებს და თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდება, მას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.