საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიადან სეპარატისტებმა ავტობუსის მძღოლი გაიტაცეს.
საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ აბჟანდაძის განცხადებით, სეპარატისტები რუსი ოკუპანტების დახმარებით მოქმედებდნენ. გატაცებული ცხინვალშია გადაყვანილი.
აბჟანდაძის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სეპარატისტულ მხარესთან გატაცებულის გასათავისუფლებლად, თუმცა სეპარატისტები აცხადებენ, რომ ავტობუსის მძღოლმა დაარღვია სასაზღვრო წესები და მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება.
"ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. მოსახლეობა არის შეშფოთებული. სოფელ ჯრიის მოსახლეობა პერევის სკოლაში ბავშვებს ვეღარ უშვებენ. ინციდენტის შემდეგ ოკუპანტებმა დამატებითი ძალები შემოიყვანეს და ცდილობენ გაამწვავონ სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის განმუხტვისთვის და გატაცებულის გასათავისუფლებლად", _ განაცხადა ნოდარ აბჟანდაძემ.