დღეს, 12 თებერვალს, ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. ქუმარიტაშვილი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საცდელი დაშვებისას დაიღუპა.
ავსტრალიურმა ტელეკომპანია ჩBჩ-მ ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილი გარდაცვალების მიზეზებზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ხელში ჩაუარდათ სკანდალური მიმოწერა ვანკუვერის ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შორის, სადაც დაფიქსირებულია, რომ საციგაო ტრასა გაუმართავი იყო. ჩBჩ-ის ეთერში განაცხადეს, რომ ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინსპექციამ არაერთი კრიტიკული შენიშვნა მიიღო. ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ჯონ ფურნეგი შეშფოთებული იყო იმ სიჩქარით, რომელსაც სპორტსმენები საციგაო ტრასაზე ავითარებდნენ. ტელეკომანიის თქმით, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა ყველა გაფრთხილება უყურადღებოდ დატოვეს.
ავსტრალიის ტელევიზიაში გასული მასალით ქართული მხარეც დაინტერესდა. ქართული მხარე კანადურ მედიაში გამოქვეყნებულ სკანდალურ მიმოწერასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ახსნა-განმარტებას სთხოვს.
ქართული მხარე მოითხოვს დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს, რეალურია თუ არა ის მასალა, რომელიც ავსტრალიურმა ტელევიზიამ ქართველი მოციგავის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია იმ სპეციალური წერილის შინაარსი, რომლითაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებს მიმართავს. ტრაგედიამდე 11 თვით ადრე ციგის საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო ჯგუფს ვისტლერის ტრასის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოუწოდებდა. წერილი თბილისიდან ლოზანაში გაიგზავნა. დაიწყება თუ არა დახურული საქმის ხელახალი ძიება, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე საცდელი დაშვების შემდეგ დაიღუპა. კანადის იუსტიციის სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით 16-გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ფაქტი უბედურ შემთხვევედაა აღწერილი და სპორტსმენის შეცდომაზეა საუბარი.